დავით ზალკალიანი - ვეწინააღმდეგებით ურთიერთობების ყოველგვარ დაბლოკვას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება თუ სჭირდებათ, მზად ვართ
დავით ზალკალიანი - ვეწინააღმდეგებით ურთიერთობების ყოველგვარ დაბლოკვას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება თუ სჭირდებათ, მზად ვართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობის დაბლოკვის წინააღმდეგი არიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ურთიერთობების დაბლოკვის და ამ საკითხზე ვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს, რომ მოხდეს განბლოკვა. თუკი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება სჭირდებათ, იგივე, ამ ვირუსთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ ეს. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამიტომ ამას მსგავსი სახის დაკეტვა არ უშველის, ამას კოორდინაცია სჭირდება, რომლის მზაობაც ჩვენ გვაქვს“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდა. გადასვლა მხოლოდ მათთვის არის დაშვებული, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა. მათი თქმით, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რიგებია.