დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ყველა პარტნიორი მობილიზებულია
დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ყველა პარტნიორი მობილიზებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში ლონდონში იმყოფება, აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა ტრიბუნა და მექანიზმი გამოიყენეს.

მისივე თქმით, აღნიშნული თემის შესახებ საქართველოს ყველა პარტნიორი ინფორმირებული და მობილიზებულია. ზალკალიანი აცხადებს, რომ იმედი აქვს, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოყენებული იყო ყველა ტრიბუნა, ყველა მექანიზმი, ჩემი კონტაქტები ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან. ყველა ვიზიტი, სადაც ვიყავი, გერმანიაში, საფრანგეთში „ამილახვარის დიალოგიც“ იყო გამოყენებული ამისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორი არის მობილიზებული და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.