დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება ადასტურებს, რომ მისი უკანონო დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია
დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება ადასტურებს, რომ მისი უკანონო დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება დასაგმომი ფაქტია.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია.

„ყველა არსებული რესურსი, რაც იყო გამოყენებული, მაქსიმალურად ავამოქმედეთ. ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩავრთეთ. ეს კიდევ ერთხელ არის დასტური, რომ მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია. აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც გვქონდა ამ ცუდს სცენართან მიმართებაში, აუცილებლად ავამოქმედებთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

​მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის საკითხზე კომუნიკაცია ექნება ჟენევის თანათავმჯდომარეებთან.

„დაუყოვნებლივ მექნება სატელეფონო ზარები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ასევე განხორციელდება კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ევროკავშირსა და გაერო-სთან, რომ მაქსიმალურად იქნას ამოქმედებული ყველა მექანიზმი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი უკანონო დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ.

ყველა შესაძლო, მათ შორის სამართლებრივ განზომილებაზე ვფიქრობდით, რაც შეიძლებოდა. ოჯახთან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და ის სურვილები, რაც მათგან მოდიოდა ჩვენ მყისიერად შემხვედრ ნაბიჯებს ვდგამდით. ოკუპანტ ძალასთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც არანაირი საერთაშორისო ნორმები არ არსებობს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატ დავით ასათიანის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა.