დავით ზალკალიანი - უკრაინის ელჩისგან მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, ელჩთან პირველი კითხვა იყო, დოკუმენტალურად წარმოედგინა, რასთან გვაქვს საქმე
დავით ზალკალიანი - უკრაინის ელჩისგან მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, ელჩთან პირველი კითხვა იყო, დოკუმენტალურად წარმოედგინა, რასთან გვაქვს საქმე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ მიაყენებს ჩრდილს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

მინისტრის თქმით, საქართველო-უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რაც დაკავშირებულია ტერიტორიების ოკუპაციასთან.

„ასევე, ისეთ საერთო გამოწვევებთან, როგორიცაა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, გაერთიანებულები ვართ მრავალ რეგიონალურ ფორმატში. ამიტომ ეს გზავნილი ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის არის ძალიან მკაფიო. მინდა გითხრათ, რომ მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და მუდმივად ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის აქტუალური საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვის საგარეო უწყებაში დაბარებასა და გამართულ აუდიენციას, მინისტრის განცხადებით, ელჩმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და საჯარო მოხელე.

„ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ მოვიწვიეთ საქართველოში უკრაინის ელჩი, რათა მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის მხრიდან, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა, გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც იყო დაკავშირებული საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან, კერძოდ საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესში მის ჩართულობასთან.

ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან, რომ ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ის საერთოდ საჯარო მოხელეც კი არ არის. ამ დროს, თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილი დაინიშნა, ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ არის დანიშნული საკმაოდ მაღალ პოზიციაზე, რომ ის მანდატი, რაც არის მისთვის მინიჭებული, ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, ასევე, მსოფლიო ბანკთან და ა.შ.

ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც უკრაინის ელჩთან იყო, წარმოედგინა მას დოკუმენტალურად, თუ რასთან გვაქვს საქმე. ანუ, ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ამავე დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვართ კავშირზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, რადგან აუცილებელია, რომ მსგავსმა გამონათქვამებმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამაზე არა მარტო საქართველომ, არამედ უკრაინულმა მხარემაც უნდა იზრუნოს, რადგან სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არანაირი პრობლემური საკითხი არ უნდა არსებობდეს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შეხვედრა გუშინ გაიმართა.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი