დავით ზალკალიანი - თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია კარგი საშუალებაა რეგიონის  გამოწვევებსა და საფრთხეებზე სასაუბროდ
დავით ზალკალიანი - თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია კარგი საშუალებაა რეგიონის  გამოწვევებსა და საფრთხეებზე სასაუბროდ

საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ კარგი შესაძლებლობაა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე სასაუბროდ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის სტუმრებს საქართველოს მთავარ პრიორიტეტებზე მიეწოდება ინფორმაცია.

„საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენციაა. ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი, პარტნიორი მონაწილეობს. კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს რეგიონში; საფრთხეებზე, რომელთა მინიმიზებაც არის საჭირო. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობა იქნება, პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი პრიორიტეტები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, მას კონფერენციის ფარგლებში უკვე ჰქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას, ასევე ნაბიჯებს, რომლებსაც ქვეყანა დგამს.

„აღინიშნა პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, რომ ერთობლივად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ მოხდეს ამ საკითხების მეტი აქტუალიზება საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.

 

 

დატოვე კომენტარი