დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვს პირდაპირ ვუთხარი, რომ აუცილებელია დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა და მკაფიოდ დავსვი ყველა საკითხი
დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვს პირდაპირ ვუთხარი, რომ აუცილებელია დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა და მკაფიოდ დავსვი ყველა საკითხი

მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა, მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, რადგან ის არის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიების და მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იმ პოზიტიურ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა 2012 წლიდან, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შვეიცარიის კონფედერაციის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე კომენტირებისას.

„მე ძალიან დეტალურად ვესაუბრე და პირველად მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა, თუ რა ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის არის კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც პირნათლად ვასრულებთ და რასაც ვითხოვთ, რომ მათგანაც მოხდეს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი, ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპია ჟენევის მოლაპარაკებებში და ბუნებრივია, მიუღებლობა იმისა, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, რომ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობენ, ექმნებათ სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემები, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ ასპექტს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმის ილუზია, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევას ექნება ადგილი, არ არსებობს, თუმცა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივა იყო კარგი შესაძლებლობა, რათა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.