დავით ზალკალიანი - საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დაგეგმილი ქმედებები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება
დავით ზალკალიანი - საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დაგეგმილი ქმედებები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

„სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავრობის მყისიერი რეაგირება ნებისმიერი სახის წუხილზე, რომელიც მოდის პარტნიორების მხრიდან.  ყველა ზომას მივმართავთ. დღეს გაცხადდა თანამშრომლობის გაფართოება საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, რომ მათ, ვინც კეთილსინდისიერად არ სარგებლობს თავისუფალი გადაადგილების პროცედურებით, არ ჰქონდეთ ამ პროცედურების დარღვევის შესაძლებლობა, იმ ადამიანებს კი, ვინც კეთილსინდისიერად სარგებლობს ამ მნიშვნელოვანი მიღწევით, ხელი არ შეეშალოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს – როგორც საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით, ისე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მხრივ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.

„საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების  დაგეგმილი ქმედებები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი იმყოფება, რომელიც დღეს ქართველ კოლეგა გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან. ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნასაემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება.