დავით ზალკალიანი - საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, აუცილებლად მივალთ იქამდე, საიდან და ვისგან მოდის დაუსაბუთებული და ცრუ ბრალდებები
დავით ზალკალიანი - საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, აუცილებლად მივალთ იქამდე, საიდან და ვისგან მოდის დაუსაბუთებული და ცრუ ბრალდებები

მინდა, საზოგადოებას მკაფიოდ განვუცხადო, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. დოკუმენტს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.

„პირველ რიგში, ეს დოკუმენტი არ გახლავთ არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალის მქონე. ის არის კვლევა, რომელიც არის დაფუძნებული რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ნაწილის, რესპუბლიკელი კონგრესმენების. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ისინი არიან ადამიანები, ვინც საქართველოზე ზრუნავენ. ეს საკმაოდ დიდი, 120-გვერდიანი დოკუმენტია. საქართველოზე არის სამი აბზაცი, მათ შორის, ორი დიდი აბზაცი არის, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას. ნათქვამია, რომ ჩვენი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში არის უმაღლეს ნიშნულზე. ნათქვამია, რომ 2017 წლის თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა უაღრესად ეფექტიანად შესრულდა და ახალ თანამშრომლობაზე გადავედით. საუბარია თანამშრომლობაზე ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ის ერთი წინადადება ჩემთვის გულწრფელად იყო კატეგორიულად მიუღებელი, არ ვეთანხმები და წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ ადამიანი, რომლის მმართველობის პირობებში ამ ნიშნულს მივაღწიეთ, მასზე ამბობდე, არის რუსეთთან კავშირში და დესტაბილიზაციის მომტანი ამ ქვეყნისთვის. არანაირ ფაქტებზე დამყარებულ განცხადებასთან, უფრო სწორად ერთ წინადადებასთან გვაქვს საქმე. აშშ-ში საქართველოს ელჩს აქვს მიღებული ინსტრუქცია, რომ მას ჰქონდეს ყველა ამ კონგრესმენთან შესაბამისი კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე იქნება ჩვენი მხრიდანაც ყველა იმ ავტორთან, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ კვლევის მომზადებაში და აუცილებლად მივალთ იქამდე, თუ საიდან და ვისგან მოდის ეს დაუსაბუთებული და ცრუ ბრალდებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველომ ისეთ შედეგებს მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, როგორიც არასდროს ყოფილა.

„მიაღწია სტაბილურობას, ევროპაში ინტეგრაციას, მიაღწია თავისუფალ ვაჭრობას და სავიზო ლიბერალიზაციას. იცით, რა იყო იქამდე, იყო დესტაბილიზაცია, ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, უპატივცემულობა დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების შეზღუდვა. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მე ელჩთანაც მქონდა საუბარი. საქართველოს მისი სახით ჰყავს დიდი მეგობარი. მისი რეაგირება და განცხადებაც იყო იყო ძალიან ღირსეული“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.