დავით ზალკალიანი - სახმელეთო და საზღვაო გზით სამშობლოში დავაბრუნეთ საქართველოს 3 946 მოქალაქე, რაც ხშირად დაკავშირებული იყო ურთულეს პროცესთან
დავით ზალკალიანი - სახმელეთო და საზღვაო გზით სამშობლოში დავაბრუნეთ საქართველოს 3 946 მოქალაქე, რაც ხშირად დაკავშირებული იყო ურთულეს პროცესთან

საჰაერო გზის გარდა, ჩვენ აქტიურად ვიყენებდით სახმელეთო და საზღვაო გზებს. ჩაკეტილი საზღვრებისა და გადაადგილებაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე, სახმელეთო და საზღვაო გზით სამშობლოში დავაბრუნეთ საქართველოს 3 946 მოქალაქე, რაც ხშირად დაკავშირებული იყო ურთულეს პროცესთან, დერეფნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკა გააცნო.

მან საგარეო უწყების თანამშრომლებს, ასევე საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო ყველა ჩვენი დიპლომატიური მისიების მიმართ, საკონსულო სამსახურის მიმართ, მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, მთლიანად ჩემი მოადგილეების მიმართ, ვინც იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში და მართლაც, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავეთ, რომ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები არ შექმნოდათ.

ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო მოქალაქეებზე ზრუნვა, სამშობლოში მათი გამომგზავრების უზრუნველყოფა, ასევე – ადგილზე მათი დახმარება. უამრავი ადამიანი დარჩა საცხოვრებლისა და პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე. სწორედ ამ პროცესში ვიყავით აქტიურად ჩართული – საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, საკვებით, წყლით, სასურსათო ვაუჩერებით და სხვა აუცილებელი საჭიროების პროდუქტების მიწოდება. აქ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი გამოცდილება კერძო სექტორთან, ასევე ჩვენს საპატიო კონსულებთან თანამშროლობის. ერთ-ერთი იყო კომპანია „სპარი“, რომელმაც გადმოგვცა სასურსათო ვაუჩერები და ევროპის ქვეყნებში ძალიან აქტიურად ვიყენებდით ამ ვაუჩერებს ჩვენი მოქალაქეების დახმარების აღმოჩენის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.