დავით ზალკალიანი - საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ისეთი მოცემულობა, როგორზეც ლავროვი საუბრობს
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ისეთი მოცემულობა, როგორზეც ლავროვი საუბრობს

საერთაშორისო სამართალი ძალიან მკაფიოდ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

სერგეი ლავროვმა ავსტრიაში, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

დავით ზალკალიანის თქმით, არც საერთაშორისო სამართალში, არც საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში არ არსებობს ისეთი მოცემულობა, როგორზეც სერგეი ლავროვი საუბრობს.

„დამოუკიდებელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ძალიან მკაფიოდ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებებით, ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ეს არის მოცემულობა და არა ის, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უკან წაიღოს აღიარება.

ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საკითხში იზოლირებულია და არის ერთადერთი დელეგაცია, რომელიც ცდილობს, საერთაშორისო სამართლის მისეული ინტერპრეტაცია წარმოადგინოს და აცხადებს, რომ არსებობს ე.წ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რესპუბლიკები. ასეთი მოცემულობა საერთაშორისო სამართალში არ არსებობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.