დავით ზალკალიანი - რუსეთის მავნებლური კიბერთავდასხმა არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რასაც მკაცრი საერთაშორისო დაგმობა უნდა მოჰყვეს
დავით ზალკალიანი - რუსეთის მავნებლური კიბერთავდასხმა არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რასაც მკაცრი საერთაშორისო დაგმობა უნდა მოჰყვეს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები, ბიზნესი და მედია გახდნენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ეს დესტრუქციული ქმედება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი საერთაშორისო დაგმობა“, – წერს „ტვიტერში“ დავით ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.