დავით ზალკალიანი პროექტ „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის გალა დაჯილდოებას დაესწრო
დავით ზალკალიანი პროექტ „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის გალა დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის გალა დაჯილდოებას დაესწრო. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ქართულ დიასპორას ქვეყნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვის ვალდებულების გარდა, აცნობიერებს მის ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

მინისტრმა თითოეულ ემიგრანტს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო იმიჯის წარმოჩენისა და საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ბრძანდებით იმ ღირებულებების, ცოდნისა და გამოცდილების მატარებლები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა გამოწვევებს, მით უფრო, დღეს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, სადაც თქვენი წვლილი ფასდაუდებელია“ – განაცხადა მინისტრმა.

პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის გალა დაჯილდოება რუსთაველის თეატრში „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სპეციალური ჯილდო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასოციაცია „თვისტომის“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეიძეს გადასცა.