დავით ზალკალიანი - პარლამენტი არის არა დესტრუქციული ქმედებების, არამედ დიალოგის ადგილი
დავით ზალკალიანი - პარლამენტი არის არა დესტრუქციული ქმედებების, არამედ დიალოგის ადგილი

პარლამენტი დიალოგისთვის უნდა იყოს გამოყენებული და არა იმ კუთხით, რომ დეპუტატებს, ადამიანებს, ვინც იქ მიდიან, შეექმნათ პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. თუ ვინმე დაზიანდა, რა თქმა უნდა, შესაბამისად, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამაზე უნდა მოახდინონ რეაგირება. ეს არის მიუღებელი. ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში. პარლამენტი არის ადგილი არა დესტრუქციული ქმედებებისთვის, არამედ დიალოგისთვის და სწორედ დიალოგისთვის უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტი და არა იმ კუთხით, რომ დეპუტატებს, ადამიანებს, ვინც იქ მიდიან, შეექმნათ პრობლემები. ვწუხვარ, თუ ჟურნალისტები დაზარალდნენ. აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაპირველად მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს“, მოგვიანებით კი, ასევე,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ხუმრობა იყო.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.