დავით ზალკალიანი - მზად ვართ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებისთვის მხარეებს ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ
დავით ზალკალიანი - მზად ვართ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებისთვის მხარეებს ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ

ჩვენი პოზიცია არის მიმართული რეგიონში სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად. პირველი დღიდან ჩვენი მოწოდება იყო, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია, საქართველომ შესთავაზა მხარეებს თბილისი, როგორც ადგილი მოლაპარაკებისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც ამერიკელი გენერლის ფილიპ ბრიდლავის სტატიას გამოეხმაურა.

საუბარია სტატიაზე, სადაც ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის იგნორირების ფუფუნება და მსოფლიო ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ საქართველოს ინიციატივა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ორივე ქვეყანასთან- აზერბაიჯანთან და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს.

„ეს შეთავაზება მუდმივად არის დღის წესრიგში. ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენს მეზობლებს ამის სურვილი იქნებათ, მზად ვართ, ვუმასპინძლოთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ის მყიფე მშვიდობა, რომელიც პერიოდულად მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აუცილებადია იყოს განგრძობადი. ამას ჭირდება რეგიონში სტაბილურობა. ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გამოვაცხადეთ, რომ გვსურს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და სომხეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობა.

აქედან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ეროვნების მოქალაქეები საუკუნეებია თანაცხოვრობენ საქართველოში, მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონი გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. არ არსებობს მსოფლიოში იმაზე უფრო ძლიერი, როგორც ეკონომიკური ისე რესურსული თვალსაზრისით და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, როგორც სამხრეთ კავკასია. თუ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდა, ამით მოიგებს ყველა. როგორც რეგიონი, ასევე რეგიონს მიღმა ყველა ძირითადი ძალა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.