ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი - მსოფლიო ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ საქართველოს ინიციატივა
ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი - მსოფლიო ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ საქართველოს ინიციატივა

აშშ-ს არ აქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის იგნორირების ფუფუნება, – ამ სათაურით საავტორო სტატიას ამერიკელი გენერალი და ევროპაში ამერიკული ძალების ყოფილი მეთაური ფილიპ ბრიდლავი აქვეყნებს.

როგორც ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი წერს, „საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა, რასა უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“.

„ბევრი ამერიკელი ვერ ხვდება, რომ რეგიონზე სერიოზული უარყოფითი გავლენის გარდა, აქ სასწორზე აშშ-ის ინტერესებიც დევს, მათ შორის ენერგორესურსების და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის კუთხით“, – ამბობს ბრიდლავი.

გენერალი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურ დიპლომატიას უნდა მიმართოს, რათა როგორც ბრიდლავი წერს, „კატასტროფა აიცილოს“.

„სამხრეთ კავკასიაში განლაგებულია არსებითი მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მილსადენებს, რომლებითაც კასპიის ბუნებრივი აირი და ნავთობი, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიედინება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთში ნატო-ს ტვირთების გადაზიდვაში. შესაბამისად, ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაკარგვა ან დაზიანება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ინტერესებს“, – წერს ბრიდლავი.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ „განახლებული კონფლიქტი ზიანს მიაყენებს აშშ-ის ახლო მოკავშირე საქართველოსაც , რომლის წარმატებაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობაზე“.

„შესაძლებელია, განვითარდეს კიდევ ერთი, უფრო შემაშფოთებელი სცენარი. თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამძაფრდა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო ჩარევა, რასაც გავლენა ექნება ფართო რეგიონზე“, – ნათქვამია სტატიაში.

„რუსეთს საგრძნობი სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული სომხეთში და მას ერევანთან გაფორმებული აქვს სამხედრო შეთანხმება. ჯერ რუსეთი თავს იკავებს კონფლიქტში უშუალოდ ჩართვისგან. ნაცვლად ამისა, მან ორჯერ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუმცა ორივეჯერ ეს წამოწყება თითქმის იმთავითვე ჩაიშალა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ეთნიკურად მონათესავე აზერბაიჯანელებს, სამხედრო დახმარებას უწევს ბაქოს და ფრონტის ხაზზე აგზავნის სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს. დაბოლოს, ირანი, რომელიც ესაზღვრება როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობს მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი. შესაბამისად, ირანიც იოლად შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში. ამგვარად, რეგიონის სამი მთავარი ძალის ნელ-ნელა ჩათრევა ამ კონფლიქტში ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს. რეგიონში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი უბრალოდ ძალიან მაღალია“, – აღნიშნავს ბრიდლავი

მისივე შეფასებით, შექმნილ მდგომარეობაში დასავლეთის რეაგირება აყოვნებს.

„რუსეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ეუთო-ს მიერ 1992 მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად შექმნილი ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნები) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები, დიპლომატიური თვალსაზრისით, მოწყვეტილია რეგიონს, რაც ასუსტებს მის პოზიციას და ზღუდავს მის უნარს, მიაღწიოს რეალურ პროგრესს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში“, – წერს ბრიდლავი.

ამერიკელი გენერლის მოსაზრებით, „სამხრეთ კავკასია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი რეგიონია და, დიდი ალბათობით, ასეთად დარჩება უახლოეს მომავალშიც“.

„სამი კონფლიქტი: მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქამდე „მიძინებული“ იყო, თუმცა ბოლო დროს გაჩაღებულმა შეტაკებებმა დაგვანახა, რომ დაძაბულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს აფეთქებაში. შემდგომი ესკალაციის პრევენცია უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტი“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ბრიდლავი უმაღლეს შეფასებას აძლევს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მცდელობას, ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის თავი მოუყაროს კონფლიქტში მონაწილე მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებს, თუმცა მისივე თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო.

„თითქმის 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ძალ-ღონეს არ იშურებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამერიკამ მხარი დაუჭირა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და მათ სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რეგიონში აშშ-ის ჩართულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ამერიკაში, რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, ასევე რეგიონის მზარდი პოლიტიკური კავშირები საქართველოსთან“, – წერს ბრიდლავი.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯებმა საქართველოში შედეგი უკვე გამოიღო, მისივე განაცხადებით, მსოფლიო ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ საქართველოს ინიციატივა.

„საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო-ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ჩვენი ძალისხმევის მიზანშეწონილობას. დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით. აშშ-ის აქტიურ დიპლომატიას არსებითი მნიშვნელობა აქვს მინსკის პროცესის მეშვეობით კონფლიქტის დეესკალაციის და ამ პროცესში ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობის თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე მხარდაჭერას ისეთი სანდო მოკავშირისა და პარტნიორის ადგილობრივი ინიციატივების და ლიდერობის მიმართ, როგორიც საქართველოა“, – წერს ბრიდლავი.