დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია ყოველწლიურად არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია ყოველწლიურად არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია ყოველწლიურად არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ წელს გვქონდა ძალიან სერიოზული მზარდი დინამიკა მხარდამჭერების რაოდენობით, მიუთითებს, რომ ჰუმანიტარულ პრობლემას სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აცნობიერებენ.

„ეს საშუალებას გვაძლევს, საქართველოს საკითხი იყოს მუდმივად გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებულად რთული, გამომდინარე იქიდან, რომ გაორმაგებული და გაძლიერებული იყო ქმედებები ამ რეზოლუციის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენმა დილპომატიურმა სამსახურმა შეძლო, დაერწმუნებინა ძალიან დიდი რაოდენობა ქვეყნების, რომ ეს რეზოლუცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭიროა, ის მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ზალკალიანის განცხადებით, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული განზომილება, გამომდინარე იქიდან, რომ რეზოლუცია ავალდებულებს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების კუთხით და მათი ჰუმანიტარული პრობლემების შემსუბუქების თვალსაზრისით. ამასთან, იგი ავალდებულებს გაერო-ს შესაბამის სპეციალიზირებულ ინსტიტუციებს, რომ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან ამ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ არიან მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის დინამიკა, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები ის საერთაშორისო გარემო და ვითარება, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანაია, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია მხარდამჭერთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს თავშეკავებულთა რაოდენობას და ეს არის უაღრესად პოზიტიური ტენდენცია, რომელიც მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე გუშინ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას წელს 81 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.