დავით ზალკალიანი - მიხეილ სააკაშვილის გამო, რომელიც არის მსჯავრდებული და ძებნილი, ვერ დავუშვებთ, უკრაინასთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეექმნას
დავით ზალკალიანი - მიხეილ სააკაშვილის გამო, რომელიც არის მსჯავრდებული და ძებნილი, ვერ დავუშვებთ, უკრაინასთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეექმნას

ვისმენდით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ისეთ თანამდებობაზეა დანიშნული, რომ მას ჩაბარდა ყველა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, უკრაინისთვის ფინანსური რესურსების მოძიება, დღეს მისი განცხადებებით ირკვევა, რომ არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ საჯარო მოხელეც არ არის, ამიტომ კითხვა იყო, ვინ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების საკითხზე განაცხადა.

„უკრაინის ელჩი იყო გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩემს მოადგილეს ჰქონდა მასთან შეხვედრა. მოვთხოვეთ განმარტებები სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგანაც მიგვაჩნია, რომ მისი ეს განცხადება იყო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესში. ჩვენ ვიხილეთ მკაფიო მოწოდებები საარჩევნო პროცესებთან მიმართებით და ჩვენი კითხვა იყო, განემარტა, რას წარმოადგენს ეს, რადგან ის არის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე. თუნდაც რომ არ იყოს ამ პოზიციაზე, ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ჩარევას. ჩვენ მოვთხოვეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებებიც გააკეთა შემდგომ სააკაშვილმა, თითქოს ის არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, არც საჯარო მოხელეა, ამიტომ გაუგებარია, ერთგვარ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვისმენდით, რომ ის თითქოს ისეთ თანამდებობაზეა დანიშნული, რომ მას ჩაბარდა ყველა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, უკრაინისთვის ფინანსური რესურსების მოძიება და დღეს მისი განცხადებებით ირკვევა, რომ ის არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ საჯარო მოხელეც არ არის, ამიტომ კითხვა იყო, ვინ არის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, უკრაინის ელჩისგან პოზიციის დოკუმენტურად წარმოდგენა ითხოვეს.

„ვთხოვეთ, დოკუმენტურად წარმოადგინოს, თუ რა პოზიცია უკავია, რადგანაც ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ერთი ადამიანის გამო, რომელიც არის მსჯავრდებული და ძებნილი, ვერ დავუშვებთ, ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეექმნას. მან მოისმინა ჩვენი პოზიცია და ველით მის განმარტებებს. ​დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, საერთო გამოწვევები გვაქვს, საერთო მისწრაფებები გვაქვს, გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა და ღირსეულად გავართმევთ თავს ამ გაუგებრობას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- აღნიშნა სააკაშვილმა.