დავით ზალკალიანი - მინდა, დავაწყნარო ჩვენი მოქალაქეები, ვიდრე საჭიროება იქნება, აგვისტოშიც, სექტემბერშიც გავაგრძელებთ სპეციალურ რეისებს
საგანგებო სიტუაციის დროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად განახორციელა უპრეცედენტო, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ოპერაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ვიდრე საჭიროება იქნება, აგვისტოშიც, სექტემბერშიც გაგრძელდება სპეციალური რეისები.
„ჩვენზე გაცილებით დიდ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ამ კუთხით და 14 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში ეტაპობრივად სპეციალური რეისებით. შემდგომ უკვე, როდესაც საგანგებო სიტუაცია გაუქმდა, ეს მიმართულება შეჩერდა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ კვლავ მიიღო გადაწყვეტილება, აღგვედგინა ეს სპეციალური რეისები. უკვე გამოცხადებული არის ოთხი მიმართულება: ბარსელონა, რომი, ვარშავა და ათენი, საიდანაც უკვე ივლისის თვის ფრენების განრიგი გაწერილია და გრძელდება არაუმეტეს 200 ევროს ფარგლებში. ეს არის შეღავათიანი ფასი, რადგანაც ამ ფრენების სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება ხდება, ხდება „ვიზეარისა“ და „მაივეის“ საშუალებით ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა.
მინდა, დავაწყნარო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ვიცი, რომ ღელავენ, როდემდე გაგრძელდება – ეს იქნება ივლისი თუ შემდგომაც, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, აგვისტოშიც, სექტემბერშიც, ამ პროცესს გავაგრძელებთ.
ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ მონიტორინგს ჩვენი საელჩოების საშუალებით, ყოველდღიურად ვიღებთ მათგან ინფორმაციას იქ არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, აგვისტოსა და სექტემბერში რეისები როგორ განხორციელდება, იქნება დაკავშირებული სწორედ საელჩოებიდან მიღებულ ინფორმაციაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გარდა რეგულარული რეისების განახლებისა, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად ახორციელებს მოლაპარაკებებს, უკვე გამოცხადდა, რომ 2 აგვისტოდან „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ განახორციელებს რეგულარულ რეისებს.
„ასევე, მიდის მოლაპარაკებები „ეარ ბალტიკთან“ რეგულარული რეისების აღდგენასთან დაკავშირებით აგვისტოში და ასევე, „ეარ ფრანსთან“. ანუ, ვფიქრობ, ეტაპობრივად პირდაპირი ფრენების დაწესება ევროკავშირის ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაუადვილებს, როგორც ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნების მოქალქეებს და რეზიდენტებს, ისე, საქართველოს მოქალაქეებს. ანუ არჩევანის საშუალება იქნება. იქნება როგორც რეგულარული, ასევე სპეციალური რეისები. დავამატებდი ასევე, კიდევ არსებობს ჩარტერული კომერციული რეისები ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით, რომელთაც „საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს და ვფიქრობ, ეს სამი მიმართულება გააჩენს იმის შესაძლებლობას, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის ამ წევრ ქვეყნებში, ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და მოხდება მათი უპრობლემოდ გადაადგილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.