დავით ზალკალიანი - ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ
დავით ზალკალიანი - ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ

ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უწყების წარმომადგენლები გუშინ მეზღვაურების ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა მათი ოჯახის წევრებთან. იცით, იქ საომარი მოქმედება არის. ძალიან რთულია საომარი მოქმედების დროს, მოახდინო სწრაფი და დროული რეაგირება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივ კონტაქტში ვართ. იქ დროებითი ხელისუფლებაა, დროებითი მმართველი და არის ასევე ოპოზიციური ძალა, რომელიც თავდასხმას ახორციელებს ლიბიის დედაქალაქზე. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ. ყველა ჩვენ ხელთ არსებული რესურსი გვაქვს გამოყენებული. წარმომადგენლობა არ გვაქვს, მაგრამ სხვა ქვეყნებს ვიყენებთ, ვისაც იქ რამე სახის წარმომადგენლობა აქვს. მათი საშუალებით ვცდილობთ, დავიხსნათ ეს ადამიანები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის ოჯახები საქართველოს საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ. გუშინ მათ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ გემზე ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, ორი თვეა, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.

გამოძიება ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.