დავით ზალკალიანი - კრიტიკას არ მივიღებ, რადგან არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი დონის ფორუმი, თუ ტრიბუნა, სადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხი შესაბამისი სიმწვავით არ დაგვიყენებია
დავით ზალკალიანი - კრიტიკას არ მივიღებ, რადგან არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი დონის ფორუმი, თუ ტრიბუნა, სადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხი შესაბამისი სიმწვავით არ დაგვიყენებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა ისმის.

ზალკალიანის თქმით, არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი დონის ფორუმი, საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ ტრიბუნა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე შესაბამისი სიმწვავით არ დაეყენებინოთ.

ზალკალიანის განმარტებით, დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით შეზღუდული იყო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო სწორედ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, თითოეულ მკვლელობის ფაქტზე დეტალურად ისაუბრა.

„აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკაა, რომელსაც არ და ვერ მივიღებ, გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღო, არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი დონის ფორუმი, საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ ტრიბუნა, სადაც მე პირადად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ელჩებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე პრემიერ-მინისტრს და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს ეს საკითხი არ გაეჟღერებინოთ, არ დაეყენებინოთ შესაბამისი სიმწვავით. ეს რომ სიცრუეა, დღევანდელი ჩემი გამოსვლაც ამაზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით ვიყავი შეზღუდული, ჩემი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე სწორედ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას, თითოეულ მკვლელობის ფაქტზე ვისაუბრე ძალიან დეტალურად. არა მხოლოდ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას, არამედ ბაშარული, კვარცხელიას მკვლელობის შესახებ და ამ მაღალი ტრიბუნიდან მოვუწოდე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღოს ის ზომები, რაც მისაღებია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული.

უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რაც აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუციაში, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც ცნობილია საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახელით, სადაც პირდაპირ არის მოწოდება კონგრესის მხრიდან ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ დაიწყოს მუშაობა ამ პირთა მიმართ ამკრძალავ ზომებთან მიმართებაში. ამაზეა საუბარი ლიტვის პარლამენტის რეზოლუციაში და შესაბამის, აღმასრულებელ დონეზე მიღებულ გადაწყვეტლებაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების საპასუხოდ, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება სიცრუეში ამყოფონ.

ზალკალიანის თქმით,„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაზრდაზე შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ.

„კატეგორიულად მიუღებელია, არ მივიღებ და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება მუდმივად ამყოფონ სიცრუეში, რადგანაც სწორედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, რომ თეთრზე თქვან შავი. სიის გაზრდაზე შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, პროკურატურა მუშაობას, არასდროს უთქვამს პროკურატურას, რომ ეს სია არის საბოლოო და სამართალდამცავი სტრუქტურები, რა თქმა უნდა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პარტია „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა როგორც ტატუნაშვილის, ასევე ოთხი წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში, შეადგინა ფორმალური სია, რის შემდეგაც ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებას დამნაშავე პირებზე სასაუბროდ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა არ გამოუყენებია.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ სიაში მართალია შეყვანილია ოთხოზორიას მკვლელი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მებაჟე რაშიდ კანჯი ოღლი, თუმცა კაპანაძე კიდევ რამდენიმე პირის დამატებას მოითხოვს, რომლებიც ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველ ვიდეოში ფიგურირებენ.

კაპანაძე აცხადებს, რომ უნდა დაისაჯონ ოკუპირებული ახალგორის და ცხინვალის ე.წ. სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი პირები, რომელთაც წვლილი მიუძღვით ტატუნაშვილის მკვლელობაში, ასევე, სიას უნდა დაემატოს იმ პირების სახელი და გვარები, ვინც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და სხვა მოქალაქეები გაიტაცეს.

დატოვე კომენტარი