გიგა ბოკერია - კარგია, ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, თუმცა არაფერს აკეთებენ, რათა სამართლიანობამ იზეიმოს
გიგა ბოკერია - კარგია, ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, თუმცა არაფერს აკეთებენ, რათა სამართლიანობამ იზეიმოს

პარტია „ევროპულ საქართველოში“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ყურადღებას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა როგორც ტატუნაშვილის, ასევე ოთხი წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში, შეადგინა ფორმალური სია, რის შემდეგაც ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებას დამნაშავე პირებზე სასაუბროდ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა არ გამოუყენებია.

„კარგია, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქცია ოჯახს. ჩვენ ვნახეთ მედიაში ფართო გაშუქება. ეს ხალხი, მათი ოჯახები იმსახურებს ამ ყურადღებას, რადგან ისინი შეეწირნენ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას. მაგრამ მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – ამ ყურადღების გამოვლენისას, რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას მთელი საზოგადოებისთვის, რას აკეთებენ ისინი რეალურად იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს, იმისთვის, რომ ის ხალხი დაისაჯოს ან იმ ხალხს პრობლემები ჰქონდეს, ვინც ეს საზარელი მკვლელობები ჩაიდინა. პასუხი ამ კითხვაზე არის მოკლე და ძალიან სამწუხარო, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ. არც ერთი მაღალი ტრიბუნა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ გამოუყენებიათ, რომ ეს გვარები ეთქვათ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სიაში მართალია შეყვანილია ოთხოზორიას მკვლელი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მებაჟე რაშიდ კანჯი ოღლი, თუმცა კაპანაძე კიდევ რამდენიმე პირის დამატებას მოითხოვს, რომლებიც ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველ ვიდეოში ფიგურირებენ.

გარდა ამისა, კაპანაძე აცხადებს, რომ უნდა დაისაჯონ ოკუპირებული ახალგორის და ცხინვალის ე.წ. სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი პირები, რომელთაც წვლილი მიუძღვით ტატუნაშვილის მკვლელობაში, ასევე, სიას უნდა დაემატოს იმ პირების სახელი და გვარები, ვინც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და სხვა მოქალაქეები გაიტაცეს.

„არც ერთი ადამიანი არ შეუყვანიათ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მას შემდეგ, რაც სია იქნა მიღებული. არ შეუყვანიათ არც ის ადამიანები, რომლის სახელები და გვარები არის ცნობილი და მე მაქვს სია – ახრა ქაჯაია, კანჯი ოღლი, თვითონ მკვლელი არის შეყვანილი, მაგრამ ალხას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი, სერგეი კორტენკო, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ვიცით, რომ მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთმა, მაგალითად წაიყვანა საერთოდ კანჯი ოღლი იმ ადგილიდან. ეს ადამიანები ცნობილია, კამერაზეა აღბეჭდილი. ასევე, არ არიიან დამატებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მაგალითად სამხედრო ბაზას ახალგორში ან ცხინვალში და რომლებიც ასევე იყვნენ მონაწილეები ტატუნაშვილის მკვლელობის.

გარდა ამისა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ არ ფიქრობს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეიყვანოს არამარტო ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობაში ან წამებაში მინაწილეობდნენ, არამედ მონაწილეები არიან ჩვენი მოქალაქეების დაკავების. ვნახეთ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, ვნახეთ ბევრი სხვა შემთხვევა, როცა იტაცებენ ადამიანებს საოკუპაციო ხაზიდან ან აქეთა ტერიტორიიდან. არც ერთი ეს ადამიანი არ არის შეყვანილი, არც გამოძიება მიმდინარეობს. ეს არის პირდაპირი გამოვლინება იმისა, რომ ეს სია მაშინ მიიღეს საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.