დავით ზალკალიანი - კატეგორიულად მიუღებელია, როცა ადამიანებს სამედიცინო დახმარებისთვის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის საშუალება არ ეძლევათ
დავით ზალკალიანი - კატეგორიულად მიუღებელია, როცა ადამიანებს სამედიცინო დახმარებისთვის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის საშუალება არ ეძლევათ

კატეგორიულად მიუღებელია, როცა ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, არ ეძლევათ საშუალება, საოკუპაციო ხაზი გადაკვეთონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებლების ჰუმანიტარული მდგომარეობა შემსუბუქდეს.

„ეს არის მართლაც კატეგორიულად მიუღებელი, დასაგმობი და ამას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ვახორციელებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებს და მოსახლეობას, რომელიც იქ ცხოვრობს, შეუმსუბუქდეთ ჰუმანიტარული მდგომარეობა და ამ თვალსაზრისით ყველა ინსტიტუტი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი, შესაბამისი სამინისტროები, აქტიურ ნაბიჯებს დგამენ, რათა მათ შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ასევე მუდმივად აყენებს საკითხს გაერო-ს შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე.

„ეს არის ინსტიტუტები, როგორიცაა – გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრი, ასევე გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი. მათ წინაშე ეს საკითხი მუდმივად აქტუალიზებულია, რათა მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით. არა მხოლოდ ვაკვირდებით, არამედ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ნაბიჯები გამოხატულია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში.

„ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ასევე გუშინწინ მქონდა შეხვედრა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელთანაც ზუსტად ამ თემებზე მქონდა დისკუსია.  აუცილებელია, განსაკუთრებით მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თემატიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილონ აქცენტი. ეს მართლაც ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასია. ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, კატეგორიულად მიუღებელია, როცა ადამიანებს, რომლებიც იღვიძებენ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ გარემოში და არ აქვთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება. აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ყველა აქტორმა, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში, თანათავმჯდომარეებმა, ევროკავშირმა, ეუთო-მ, გაერო-მ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ჩვენი მთავარი, სტრატეგიული პარტნიორია, განსაკუთრებული აქცენტი გაამახვილონ ამაზე და მათი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან დააყენონ ეს საკითხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცუდად. ის  ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.