დავით ზალკალიანი - ის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს, არ თქმულა გაუაზრებლად, ამას წინ უძღოდა ხელისუფლების, ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი სამუშაო 
დავით ზალკალიანი - ის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს, არ თქმულა გაუაზრებლად, ამას წინ უძღოდა ხელისუფლების, ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი სამუშაო 

აღიარებულია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციას. ახლა საჭიროა უფრო მეტი, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინფორმაციას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გააკეთებს.

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტისას ამ საკითხზეც იყო საუბარი.

დავით ზალკალიანის თქმით, როდესაც ქვეყანა ბევრს აკეთებს, ამას ევროკავშირის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები სჭირდება.

„ის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს, არ თქმულა მოუმზადებლად და გაუაზრებლად. ამას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართულმა დიპლომატიამ გასწიეს. წლების განმავლობაში ვმუშაობდით როგორც ინდივიდუალურად, ისე ბრიუსელში, რომ ეს პროცესი შეუქცევადი ყოფილიყო, საქართველო აღიარებულიყო ლიდერ ქვეყნად და კრიტერიუმები, რომლებიც მოგვეთხოვება, სრულად დაკმაყოფილებულიყო. აღიარებენ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციას. ახლა საჭიროა უფრო მეტი და ჩვენ ამის ამბიცია გვაქვს.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროსაც ამ თემებზე იყო საუბარი. პრემიერმა ყველა შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა, მეტი მეტისთვის. როდესაც ქვეყანა ბევრს აკეთებს, ამას ევროკავშირის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები სჭირდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანიდან გადახვევა არ იქნება და ამას საზოგადობის 80 პროცენტი უჭერს მხარს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ასახული გვაქვს ქვეყნის კონსტიტუციაში, განაცხადი კიდევ დამატებითი ბერკეტი და გზავნილია ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ ეს არის ჩვენი უმთავრესი არჩევანი, საიდანაც გადახვევა არ იქნება. ჩვენ ვიმუშვეთ ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და ვხედავთ, რომ პროცესი უკვე მომწიფებულია.

ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლო ხელისუფლება. დიდიხანი გვიკიჟინებდნენ, განაცხადს რატომ არ ვაკეთებთო. განაცხადი არ უნდა იყოს ჰაერში გასროლილი პოპულისტური ქმედება ხელისუფლების მხრიდან, თუ მას შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყვა და პარტნიორი მზად თუ არ არის, ეს მხოლოდ პოპულისტურ ნაბიჯად დარჩება. ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, მოვამზადეთ, საფუძველი ჩავუყარეთ ამ პროცესს და როცა მოვიდა ზუსტი მომენტი, მაშინ გავაკეთეთ ეს განცხადება. ისტორიული ნაბიჯია გადადგმული, რაც ჩვენი ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.