კახა კუჭავა - 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შევიტანოთ
კახა კუჭავა - 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შევიტანოთ

საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ამის თქმის საფუძველს განხორციელებული რეფორმები და ამბიციური სამოქმედო გეგმა იძლევა.

„საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ შესრულების ანგარიში, ამბიციური გეგმა და რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ და მაღალი შეფასებები დაიმსახურა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ. დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი შევიტანოთ. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლიდან სამოქმედო გეგმა იყოს ამბიციური და დატვირთული იმ რეფორმებით, რომლის დასრულებასაც ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს. გარკვეულ საკითხებზე მათი მოლოდინია, რომ რეფორმები დაიხვეწოს და კიდევ უფრო განვითარდეს.

ამ ინიციატივის წინასაარჩევნოდ გამოყენება რომ გვდომოდა, უფრო მოკლე ვადებს ვიტყოდით, ან ვიტყოდით, რომ წევრობაზე მალე გავაკეთებთ განაცხადს, თუმცა ჩვენ კონკრეტული თარიღი დავასახელეთ. გავლილი გზა საკმარისი არ არის, რომ განაცხადი ხვალ შევიტანოთ. დარჩენილია რეფორმები, რომელიც გაწერილია გეგმაში და რეფორმების წარმატებულად შესრულების შემდეგ, საფუძველი გვექნება, განაცხადი შევიტანოთ. შეიძლება, თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ მიმოსვლას ბევრი არარეალისტურად მიიჩნევდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიღწევა რეფორმების შედეგად შევძელით. ამბიციური გეგმის წარდგენის საფუძველს სწორედ ეს გვაძლევს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი