დავით ზალკალიანი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს
დავით ზალკალიანი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისგან.

იყო უაღრესად სასარგებლო ვიზიტი. პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. თავად ეს წვრთნები უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ეს ვიზიტი და მთლიანად ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, ამ დღეების განმავლობაში უნდა იყოს აღქმული მოახლოებული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში. ნატო-სთან ასეთი დატვირთული დღის წესრიგი ნატო-სთან ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. სტოლტენბერგი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ოფიციალურ შეხვედრები კი დღეიდან დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

ასევე, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.