დავით ზალკალიანი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სერიოზული გამარჯვება, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს
დავით ზალკალიანი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სერიოზული გამარჯვება, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ რა დროსაც არ უნდა იყოს ჩადენილი ომის დანაშაული, ის არ დარჩება უყურადღებოდ, ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყველა ის პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, იქნება სათანადოდ დასჯილი.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ომის დანაშაული, რა დროსაც არ უნდა იყოს ჩადენილი და რა ვადაც არ უნდა იყოს გასული, არ დარჩება უყურადღებოდ და ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ამიტომ, 2008 წელს ჩადენილი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება სისრულეში მოყვანილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების პროცესი, ჯერ გამოცხადდა მხოლოდ სამ პირთან მიმართებაში, მაგრამ პროცესი გრძელდება და პროცესს წაიყვანენ თანმიმდევრულად. ამაში დარწმუნებული ვარ და ყველა ის პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, იქნება სათანადოდ დასჯილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები „რუსეთამდეც მივიდეს“, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სია ფართოა და გამორიცხული არაფერია.

„ყველა, იქ ძალიან ფართო სიაა და რა თქმა უნდა, იმ პირთა სია, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს ჰააგის სასამართლო, ძალიან ფართოა, არაფერი არ არის გამორიცხული და იქ რა თქმა უნდა, საერთაშორისო სასამართლო მიუჩენს შესაბამის ადგილს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.