დავით ზალკალიანი - განვაგრძობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირებისთვის დაკისრებული სანქციების ამოქმდებაზე მუშაობას
დავით ზალკალიანი - განვაგრძობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირებისთვის დაკისრებული სანქციების ამოქმდებაზე მუშაობას

არ ვფიქრობ, რომ ახლა ღირს ამის კომენტირება, რადგან რაღაც სხვადასხვა ორგანიზაციის არაღიარებული წარმონაქმნები წარმოადგენენ სხვადასხვა სიას, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ შესთავაზა.

ზალკალიანი განმარტავს, რომ ოფიციალური თბილისი კვლავ განაგრძობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირებისთვის დაკისრებული სანქციების ამოქმდებაზე მუშაობას.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და უკვე არსებობს პირველი შედეგებიც.

„უკვე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც მკაფიო მითითება და დავალებაა ევროკავშირის წევრებისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი სანქციები ამ სიაში მოცემულ პირებთან დაკავშირებით. ასევე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულია საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ჯერ კანონად არ არის ქცეული, მაგრამ მომავალში იქცევა კანონად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით საქმიანობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ „ხიშბა-სიგუას“ 26-კაციანი სია შესთავაზა.