დავით ზალკალიანი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი, რათა საქართველოს ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა უფრო მკაფიო გახდეს
დავით ზალკალიანი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი, რათა საქართველოს ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა უფრო მკაფიო გახდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

როგორც ზალკალიანმა პირველ არხს განუცხადა, რექს ტილერსონის განცხადება მისცემს იმპულსს, რომ სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც მოხდეს საქართველოს ატლანტიკური პროცესების მხარდაჭერა.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ნატო-ს წევრებისა და განსაკუთრებით აშშ-ის როლი არის მნიშვნელოვანი, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ მოხდეს საქართველოს ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. ბუნებრივია, რექს ტილერსონის მხრიდან ასეთი განცხადება მისცემს იმპულსს, რომ სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც მოხდეს საქართველოს ატლანტიკური პროცესების მხარდაჭერა. ასევე, დამაიმედებელია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე დაფიქსირებული პოზიცია. საქართველოს ნატოელი პარტნიორების მხრიდან აქვს საკმაოდ მკაფიო მხარდაჭერა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა პირველ არხთან ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას.