დავით ზალკალიანი - გაერო-ს რეზოლუცია, საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით  
დავით ზალკალიანი - გაერო-ს რეზოლუცია, საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით  

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობითა და მხარდაჭერით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელმაც განახორციელა აგრესია უკრაინის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ყველა ღონე იყოს მიმართული იმისკენ, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით.

„ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში არის დაგმობილი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაერო-ს კოორდინაციით, რათა ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.

გუშინ, ​გაერო-ში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორი საქართველო იყო.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 მარტს მიიღო პირველი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.