დავით ზალკალიანი - ევროსაბჭოში არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართოს
დავით ზალკალიანი - ევროსაბჭოში არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნებმა ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩაატარეს და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის.

ზალკალიანის თქმით, ჟენევაში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების საკითხზე ისაუბრა და მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართოს.

„სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ. მოგეხსენებათ, 2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ  მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი. ეს იყო მართლაც ჩვენი გულწრფელი სურვილი, რომ გვემასპინძლა ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი  სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 2019 წლის ნოემბერიდან დღემდე იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან  კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ გვავალდებულებს, რომ ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა. მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. მინდა გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული, გუშინაც ჟენევაში როდესაც შევხვდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნები, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში. ამის ოთხი თუ ხუთი პრეცედენტი არსბეობს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.