ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება
ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ. მოგეხსენებათ, 2019 წლის ნოემბერში, როდესაც საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა გადმოვიბარეთ, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი. ეს იყო ჩვენი მართლაც გულწრფელი სურვილი, გვემასპინძლა ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გავაკეთეთ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ გვავალდებულებს, ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს ღონისძიებაში ყველა ქვეყნის მონაწილეობის უზრუნველყოფა ევალებოდა.

„მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა. მათ შორის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. მინდა, გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის პირობებიც სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს.