დავით ზალკალიანი დიპლომატიურ საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა  
დავით ზალკალიანი დიპლომატიურ საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა  

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დიპლომატიურ საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველ ფილიპ ეტიენს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე – გადაადგილების თავისუფლების, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებების დარღვევებზე.

„დავით ზალკალიანმა საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე; ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით. ფილიპ ეტიენმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მხარდაჭერა“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანი ფილიპ ეტიენს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებსა და პერსპექტივებზეც ესაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით. პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მინისტრის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ფილიპ ეტიენი  რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა. დასასრულ, მხარეებმა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება.