დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, კონგრესში ინიცირებული დოკუმენტი შესაბამის პროცედურებს გაივლის და მიღებული იქნება საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, კონგრესში ინიცირებული დოკუმენტი შესაბამის პროცედურებს გაივლის და მიღებული იქნება საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გერი კონოლის მიერ წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი აქტი უაღრესად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაზე.

„ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის, ასევე, იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და ღრმა სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს. თავად ის ფაქტი, რომ კონგრესის ახალი შემადგენლობა კვლავ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს საკითხს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად არის აქტუალური აშშ-ის როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დოკუმენტის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მნიშვნელოვანი გზავნილებია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილები არის გაჟღერებული იმ პრესრელიზში, რომელიც კონგრესმენებმა გაავრცელეს, კიდევ ერთხელ არის აღიარებული ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კარგი პრაქტიკით. უაღრესად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც კონგრესმენები უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გამოთქვამენ დაგმობით პოზიციას მიმდინარე ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან აგრესიასთან დაკავშირებით, ასევე ხაზს უსვამენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ამერიკისთვის ამ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან, პრაქტიკულ განზომილებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კონგრესში ინიცირებული აქტი უპრეცედენტოა.

„მასში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ასევე, საუბარი არის სანქციებზე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არიან მსჯავრდებული, ასევე, არის მინიშნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, ბმაში სწორედ ამ სიასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ავალებს სახელმწიფო მდივანს, 90 დღის განმავლობაში წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ცალკე გამოყოფილია კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა, რაც დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულება და განზომილება, რომელიც მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ეკონომიკური თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გახსნა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენებს დოკუმენტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს ამ ინიციატივისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს აქტი შესაბამისად გაივლის პროცედურებს და გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისა და უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის კვლავ დაინიცირებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის შესაბამის პროცედურებს გაივლის და იქნება მიღებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.