აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა  ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ან მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

„უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ძალები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენ კონოლის თქმით, დოკუმენტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

„მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული განვითარების გაგრძელებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსთან პროგრესს უნდა მიაღწიოს.