დავით ზალკალიანი - ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ
დავით ზალკალიანი - ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ

ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია.

„ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო მიისწრაფვის იქითკენ, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში და სტანდარტებში იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს აღიარებულია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა საქართველო-ევროკავშირის საბჭოში, აღინიშნა პროგრესი და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ჩვენ დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს. ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ. ეს არის ანგარიში, რომელშიც ჩვენ აშშ-ის მხრიდან შეფასება არ გვაქვს. ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ანგარიშში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და იქ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.

„ანგარიშში საუბარია ითხოზორია-ტატუაშვილზე და მათ მკვლელობაზე, ამის მიუღებლობაზე. არის პირდაპირ მოყვანილი ის შეფასებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი ნაწილია. ასევე საუბარი არჩევნებზე. აქაც მოყვანილია ეუთო-ს დასკვა, რომელიც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ამ დასკვნიდან ანგარიშში პირდაპირი ციტირებაა. დასკვნაში ჩვენ გვაქვს, როგორც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე საუბარია ხარვეზებზე, რომელიც იყო. ხარვეზების შესახებ საქართველოს ხელისუფლობის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.