დავით ზალკალიანი -  ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განწყობებზე უნდა იყოს კონკრეტული შედეგების დემონსტრირება
დავით ზალკალიანი -  ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განწყობებზე უნდა იყოს კონკრეტული შედეგების დემონსტრირება

საქართველო არის ლიდერი ქვეყანა და ეს აღიარებულია ევროპელი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს  იმ მიღწევაზე ისაუბრა.

„ჩვენი სურვილია, შედეგები, რომელსაც ქვეყანა აღწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ადეკვატურად იყოს აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. იყო საუბარი კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების გახორციელების კუთხით ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით – ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის წარმატებული შესრულება და, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, საუბარი შეეხო გამოწვევებსაც, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს.

„ჩემი მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ამ მიმართულებით. აუცილებელია, ეს გზავნილები იყოს გაგზავნილი როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი სამეზობლოსთვის, კერძოდ, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაცია, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განცხადებებსა და განწყობებზე, რომლის განვითარებასაც რეგიონში რუსეთი ცდილობს, უნდა იყოს ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი წინადადებებიც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოs სხვა პარტნიორებისგან განსხვავებით, ევროკავშირთან ურთიერთობის უნიკალური ფორმატები აქვს.

„გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს – უსაფრთხოების დიალოგი და მაღალი დონის დიალოგი.  მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ფორმატებს, რათა ქვეყანა ფუნქციურად მოვამზადოთ და მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს –  წევრობას. მეტი სექტორული ინტეგრაცია, მეტი ჩართულობა ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში სწორედ იმ მამართულებით სვლას გულისხმობს, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენი სურვილებიც სწორედ აქედან გამომდინარეობდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მინისტერიალს უძღვებოდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ფედერიკა მოგერინი; ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.