დავით ზალკალიანი - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არანაირი მინიშნება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიუღებლობაზე ბუნებაში არ არსებობს
დავით ზალკალიანი - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არანაირი მინიშნება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიუღებლობაზე ბუნებაში არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეთანხმდება დიპლომატიური არხებით და როგორც კი შეთანხმდება, საზოგადოებას ვიზიტის თარიღს ვამცნობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიუღებლობაზე რაიმე მინიშნება ბუნებაში არ არსებობს.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ რა თქმა უნდა, დიპლომატიური არხებით ვმუშაობთ ვიზიტზე. დაწყებულია ეს საქმიანობა. მსგავსი ვიზიტის მომზადებას სჭირდება სერიოზული ჩართულობა ორივე მხრიდან და ბუნებრივია, არანაირი ინდიკაცია და მინიშნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამ ვიზიტის მიუღებლობაზე არ არსებობს ბუნებაში. ვიზიტი შეთანხმდება დიპლომატიური არხებით. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ საკითხზე. მხედველობაში მაქვს ორგანიზაციული საკითხები და როგორც კი შეთანხმდება, საზოგადოებას ვიზიტის თარიღს ვამცნობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე. მათი ინფორმაციით, ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით ლიდერების მაღალი დონის შეხვედრებს“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.