დავით ზალკალიანი - ავღანეთიდან გამოსვლას აპირებს მთლიანად კოალიცია და ჩვენც ამის ნაწილი ვიქნებით
დავით ზალკალიანი - ავღანეთიდან გამოსვლას აპირებს მთლიანად კოალიცია და ჩვენც ამის ნაწილი ვიქნებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გუშინდელი საუბრის ერთ-ერთი თემა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლას და აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ განცხადებას ეხებოდა.

ზალკალიანის თქმით, დასაფასებელია, რომ სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ საქართველოს წინასწარ აცნობა.

„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა იყო, რომ დღეს იქნება ბაიდენის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ავღანეთიდან გამოსვლაზე და ეს პროცესი მაისიდან დაიწყება. ამიტომ, სახელმწიფო მდივანმა, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ამის შესახებ გვაცნობა, საქმის კურსში ჩაგვაყენეს. მე ძალიან ვაფასებ, რომ მან ჩათვალა, ამის შესახებ ჩვენთვის ეცნობებინა წინასწარ, რადგანაც მან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფასებენ იმ ძალიან დიდ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური საფრთხეების, გამოწვევების კუთხით. აღნიშნა, რომ 860 ქართველი სამხედრო არის ავღანეთში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ პროცესში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ფასდაუდებელია სამხედროების მიერ თავიანთი სიცოცხლის ფასად გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილი. ზალკალიანის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები ამას ძალიან აფასებენ, რაც გუშინაც დაადასტურა სახელმწიფო მდივანმა.

„მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოყვანასთან დაკავშირებით და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქაც ვიქნებით კოორდინირებული, ერთობლივად. მე მას დავუდასტურე, რომ საქართველო როგორც იყო ამერიკის და ნატო-ს პარტნიორების ერთგული ავღანეთში ოპერაციის დაწყების დროს, როდესაც შევიდა კოალიცია, ასევე იქნება დასრულების პროცესში, ამიტომ შევთანხმდით კოორდინირებულ საქმიანობაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას.

„არა იქ სამხედროების და ნატო-ს მოკავშირეების ყოფნით, არამედ სხვა კუთხით. როგორც ერთ-ერთი გლობალური აქტორი, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში. გამოყვანის პროცესი მაისში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება, მთლიანად კოალიცია აპირებს გამოსვლას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამის ნაწილი ვიქნებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება. ნატო-ს მოკავშირეები კი ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას პირველ მაისამდე დაიწყებენ.

დატოვე კომენტარი