დავით უსუფაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს
დავით უსუფაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატები ქვეყნის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ  ერთმანეთის მხარდამჭერებისთვის სხვადასხვა იარლიყების მიკვრა დაუშვებელია.

„მოქმედი და ყოფილი სახელისუფლებო კანდიდატები ერთმანეთს ეჯიბრებიან სწორედ ქვეყნის დაყოფაში, საზოგადოების ერთმანეთის გადაკიდებაში, რადგან ფაშისტებს, მოღალატეებსა და სისხლით ხელებდასვრილებს უწოდებენ არა მარტო ერთმანეთს, ერთმანეთის მხარდამჭერებსაც. ეს მხარდამჭერები კი ასობით ათასი ქართველია. ასე სახელმწიფოს კი არ ავაშენებთ, ჩავაბარებთ ჩვენს მტრებს”,  განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური, სოლიდური და ქვეყნის გამაერთიანებელი მმართველობა, დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც.

„2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გვინდა, თუმცა როგორც მოვლენები ვითარდება, შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნების უფრო ადრე ჩატარებაც, რადგან რბილად რომ ვთქვა, ვხედავთ, ხელისუფლება დაბნეულია და ვერ უმკლავდება თავის საქმეს”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს თელავში მოსახლეობასთან შეხვედრისას.