დავით უსუფაშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლებს ვესაუბრე საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემურია, რადგან დომინირებს ფული და ადმინისტრაციული რესურსი
დავით უსუფაშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლებს ვესაუბრე საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემურია, რადგან დომინირებს ფული და ადმინისტრაციული რესურსი

საერთაშორისო დამკვირვებლებს ვესაუბრე საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემური რჩება, რადგან დომინირებს ფული, ადმინისტრაციული და მედიარესურსი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიიდან განდევნილია ​არგუმენტი, აზრი ხედვა და პროგრამა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სამყაროს ყურადღების ცენტრში და არჩევნებზე დამკვირვებლად გვესტუმრა ყველა წამყვანი, დემოკრატიული, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია.

საუბარი გვქონდა ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რადგან საქართველო ამ კონტექსტში ატარებს ამ არჩევნებს. გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემური რჩება, რადგან კვლავ დომინირებს ფული, ადმინისტრაციული რესურსი, მედიარესურსი და საარჩევნო კამპანიიდან განდევნილია ​არგუმენტი, აზრი ხედვა, პროგრამა.

ეს არის დამახასიათებელი მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მაგრამ ჩვენ, საქართველოს გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ გაცილებით უფრო წინ. უფრო კონკრეტულად, ამ არჩევნებს ახასიათებს განსაკუთრებულად რთული დამოკიდებულება ყოფილ და მოქმედ სახელისუფლებო სისტემებს შორის, რაც ქვეყანას ანგრევს. ამიტომ დამკვირვებლებს, ჩემს კოლეგებს, ვისთან ერთადაც ოთხი წლის განმავლობაში ასევე ვმუშაობდი საპარლამენტო ასამბლეებში, გავაცანი ჩემი ხედვები ქვეყნის განვითარების თაობაზე, როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და ასევე იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღე იქნება საპარლამენტო არჩევნების სტარტი.

ასე რომ, პოლიტიკური პროცესის ეს ორკომპონენტიანი მოდელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასააზრებელი. ცხადია, ვისაუბრე, რომ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ის შესაცვლელია, მაგრამ არა იმ გზით, რომ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელიც არანაკლებ ამოწურული და გამოწურულია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.

საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.