დავით უსუფაშვილი – „ქართული ოცნება“ კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გაზრდის პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც უსათუოდ აისახება ქვეყნის პრესტიჟზე, ავტორიტეტზე

14:38, 25.03.2022

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, „მმართველი გუნდი დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის“. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ეს უკიდურესად სამწუხარო და კონტრპროდუქტიული, სახელმწიფოს ინტერესებში არშემავალი ნაბიჯია.

„პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა გუშინ, გვიან ღამით დღეისთვის. უცნაური მოვლენაა, ბიუროს სხდომა ორშაბათობით ტარდება ხოლმე. ბევრს გულმა რეჩხი გვიყო, ე.ი. საქმე რაღაცაშია. გაირკვა რაშია საქმე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, არათუ შეაჩეროს იმ ცნობილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რომლითაც გარდაუვალია „ქართულ ოცნებას“ და „ოცნების“ მიერ შერჩეულ პრეზიდენტს შორის დღევანდელი დაძაბულობის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადასვლა, არამედ აპირებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. საქმე ეხება პროექტს, რომელიც წინა კვირაში შემოვიდა და რაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასა და „ოცნების“ უკმაყოფილებას მოჰყვა. შემდეგ გადაიზარდა სხვადასხვა ტიპის მუქარაში თუ სარჩელებში, რომ წავა მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში. იქ რაღაც იმპიჩმენტიც ახსენა. შემდეგ დაიწყეს ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა, რათა რაც შეიძლება მეტად მოათვინიერონ პრეზიდენტი. ეს კანონპროექტი პარლამენტში 22 მარტს შემოვიდა და ბიურომ კიმიტეტს გადასცა განსახილველად. დღეს უკვე ინიციატორები ბიუროს მიმართავენ, რომ გასულ ორ დღეში კომიტეტში არავის არანაირი საწინააღმდეგო ინფორმაცია არ წარმოუდგენია და ამიტომ მზად ვართ, დაჩქარებულად განვიხილოთ ეს პროექტიო. კომიტეტზე წინადადებების წარდგენა ხდება მაშინ, როცა კომიტეტის სხდომა დაინიშნება და განხილვა იქნება. ორ დღეში გამომცხვარ პროექტზე უკვე ამბობენ, რომ რადგან შენიშვნები არ არის, დაჩქარებულად განვიხილოთო.

რატომ პარასკევს ბიუროს სხდომა? ეს იძლევა საშუალებას, მომავალი კვირის განმავლობაში პროექტი უკვე დაჩქღებულად იყოს განხილული, წერტილდასმული და პრეზდენტთან ხელმოსაწერად გასაგზავნი. ეს ყველაფერი მხოლოდ იურუდიული და ტექნიკური საკითხი რომ იყოს, ყურადღებას არ შევაჩერებდი. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას უკიდურესად ესაჭიროება კონსოლოდირებული სახელისუფლებო სისტემა, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება, როცა ჩვენ, ყველა უნდა ვიყოთ ჩამდგარი ერთმანეთის დახმარების მცდელობაში, ასეთ ვითარებაში „ოცნება“ კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟსა და ავტორიტეტზე გარეთ.

მაშინ, როდესაც პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ, რაღაცები დაჩქარებულად გავაკეთოთ, ჩვენ აქ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე „ოცნების“ მიერ შერჩეულ, შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის. ეს უკიდურესად სამწუხარო და კონტრპროდუქტიული, სახელმწიფოს ინტერესებში არშემავალი ნაბიჯია. ვფიქრობდი, „ოცნება“ რაღაცებს გაიაზრებდა ცხელ გულზე შემოტანილ კანონპროექტს ნელ-ნელა ისეთ ჩარჩოებში წაიყვანდა, პრობლემები ნაკლები შექმნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გულის თუ თავის სიცხელეზე გავლენას ბევრი რამ ახდეს და ეს ყველაფერი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებთ. მათი მიზანია, სწრაფად მოახერხონ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად დაემუქრებიან პრეზიდენტს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი.

მსგავსი