დავით უსუფაშვილი - მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე არაერთხელ ითქვა ფრაზა, რომ საქართველოს ძლიერი მთავრობა ჰყავს, ვისურვებდი, ამ სიძლიერეს პრემიერ-მინისტრები ასხივებდნენ
დავით უსუფაშვილი - მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე არაერთხელ ითქვა ფრაზა, რომ საქართველოს ძლიერი მთავრობა ჰყავს, ვისურვებდი, ამ სიძლიერეს პრემიერ-მინისტრები ასხივებდნენ

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე არაერთხელ ითქვა ფრაზა, რომ საქართველოს ძლიერი მთავრობა ჰყავს, ვისურვებდი, ამ სიძლიერეს პრემიერ-მინისტრები ასხივებდნენ, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა, გაუგებარია, რატომ გაუჭირდა მამუკა ბახტაძეს იმის აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია.

„ძალიან გამიკვირდა, რომ პრემიერ-მინისტრს იმის თქმა გაუჭირდა, რაც რეალობაა. მით უმეტეს, რომ ეს უკვე ფორმალური რეალობაა. ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და პრემიერ-მინისტრის შეცვლის პროცესში მან თავისი როლის შესახებ სრულიად ღიად და აშკარად განაცხადა. ისიც თქვა პრემიერ-მინისტრი ვინ უნდა ყოფილიყო და რატომ. ასე, რომ „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი ივანიშვილი რომ არის, მე არ ვიცი ბახტაძეს ამის აღიარება რატომ უჭირს და ამის რატომ რცხვენია. უწინ თუ ეს პრობლემა იყო, როცა ივანიშვილს არანაირი პარტიული თანამდებობაც კი არ ჰქონდა, მაშინ ამას გავიგებდი, მაგრამ ძალიან მიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ინსტიტუტებმა მართონ. ეს უნდა დამკვიდრდეს. ვისურვებ, რომ დღევანდელი არაერთხელ ნათქვამი ფრაზა პანელზე, რომ საქართველოს ძლიერი მთავრობა ჰყავს, ამ სიძლიერეს პრემიერ-მინისტრები ასხივებდნენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო მმართველობის დროს, პრემიერ-მინისტრები პოლიტიკური ლიდერები უნდა იყვნენ.

„კვირიკაშვილის შეცდომა სწორედ ეს იყო, რომ პოლიტიკური ლიდერობა არ და ვერ მოინდომა. ამიტომ მე მივმართავ, ვურჩევ და როგორც მოქალაქე ჩვენი პრემიერ ბახტაძისგან მოვითხოვ, იყავით ლიდერი, უფრო ყოჩაღი, უფრო შემტევი და უფრო დამაჯერებელი. ეს თქვენი სამსახურებრივი მოვალეობაა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა. კონფერენციის მოდერატორმა მამუკა ბახტაძეს კითხვით მიმართა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა და ჰკითხა, ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული. როგორც ბახტაძემ კითხვის პასუხად განაცხადა, არ ფიქრობს, რომ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობაა და აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია.