დავით უსუფაშვილი - გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით
დავით უსუფაშვილი - გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით

მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით 25 წელია ვსაუბრობ, აქედან დაახლოებით 16 წელია, პოზიტიური არაფერი მითქვამს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საკითხზე მიხეილ სააკშვილის განცხადებას უკავშირდებოდა.

უსუფაშვილის თქმით, თავმჯდომარისა და სხვა მსგავს საკითხებს, ყველა პარტია თავად უნდა წყვეტდეს.

„გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით, გავეცნობი და გეტყვით. თუმცა, თუ პარტიაზეა საუბარი, ყველა პარტია თავად უნდა წყვეტდეს ამ საკითხებს და სხვა პარტიებმა უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომელსაც ესა თუ ის პარტია გადაწყვეტს საკუთარ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, „შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ყველა საკითხი მაშინ მოგვარდება, როცა მართვის სადავეებთან კომპეტენტური ადამიანები იქნებიან და მტრის ხატის ძებნას ყველამ თავი უნდა დაანებოს.

„ქვეყანა მაშინ დალაგდება, როდესაც ყველა პარტიას ექნება საშუალება, ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი არჩევით ორგანოებში. ასე რომ, ეს საკითხი ხალხს მივანდოთ. უნდა დავანებოთ თავი მტრის ხატების ძებნას, ძველების თუ ახლების. არ უნდა გვეგონოს, თუ ვინმეს გაუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ ვინმეს არ მოვუშვებთ, ამით საქმე მოგვარდება. საქმე მაშინ მოგვარდება, როდესაც კარგი ხალხი, კომპეტენტური ადამიანები იქნებიან მართვის სადავეებთან. ამიტომ პოლიტიკური ხედვაა შესატრიალებელი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და აღნიშნა, რომ პირადად მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა.

ამასთან, დღეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.