მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და პირადად მე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და პირადად მე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს

გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას მხარს დავუჭერდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ივანიშვილი მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. იმისათვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე. ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცებთან მოლაპარაკებით, არამედ თქვენ, პერსონალურად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.