დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა
დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, შედეგს კი, დრო გამოაჩენს.

„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა და გადაწყვიტა გადაედგა ბოლო ნაბიჯი, რაც მას შეეძლო გადაედგა, რასაც მეორედ მოსვლას უწოდებდა თავად და ამით იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე. 2012 წელს ქართველ ხალხს დაპირდა „ნაციონალური მოძრაობის“  შეცდომების გამოსწორებას და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას. ახლა პოლიტიკაში დაბრუნებით, ის გვპირდება თავად „ქართული ოცნების“ შეცდომების გამოსწორებას და ქვეყნის სწორს გზაზე დაბრუნებას. ის, რომ მან ეს პასუხისმგებლობა აიღო, კარგია. რას და როგორ შეძლებს, ამას უახლოესი დღეები და დრო გვაჩვენებს, რადგან  კოსმეტიკური ცვლილებები ვერ უშველის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, თავისთავად ეს ფაქტი უნიკალური შემთხვევაა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ სახელისუფლო გუნდი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეძლებს.

„თავისთავად ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული ძალა ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, სთხოვს საკუთარ დამფუძნებელს  – მოდი გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერიო. მინდა ვისურვო, რომ სახელისუფლებო გუნდი სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ვითარებას, ხელიდან არ გაუშვებს მართვის სადავეებს დროზე ადრე და შეძლებს სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.