დავით სონღულაშვილი - ევროპარლამენტის ანგარიში არის დასტური, რომ საქართველო რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორია ევროკავშირისთვის
დავით სონღულაშვილი - ევროპარლამენტის ანგარიში არის დასტური, რომ საქართველო რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორია ევროკავშირისთვის

ევროპარლამენტის ანგარიში არის პოზიტიური, ეს არის კიდევ ერთხელ, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

„საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, რასაც ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს. შესაბამისად, ის განცხადებები, რომლებიც ამ ანგარიშის განხილვას მოჰყვა, ის ანგარიში, რომელიც შინაარსობრივად იყო წარმოდგენილი, არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირისთვის და ევროკავშირი არის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი საქართველოსთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ გრძელდება სექტორული ინტეგრაცია და ეს გზა არის შეუქცევადი პროცესი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ეს პროცესი.

„თავისთავად ცხადია, იმისთვის, რომ პროცესები დაჩქარდეს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც გასათვალისწინებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში უფრო მეტი პოზიტიური შეფასება იყო. ერთი და ორი ევროპარლამენტარის პოზიცია არ ნიშნავს ევროკავშირის, ევროპარლამენტის პოზიციას. ევროპარლამენტის პოზიცია არის შემდეგი, რომ საქართველო არის რეგიონში მთავარი პარტნიორი ევროპისთვის და გაგრძელდეს სექტორული ინტეგრაცია ევროკავშირში, შესაბამისად, საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.