დავით შათირიშვილი - თეთნულდზე დაშავებული ტურისტი შოკურ მდგომარეობაში იყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
დავით შათირიშვილი - თეთნულდზე დაშავებული ტურისტი შოკურ მდგომარეობაში იყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თეთნულდზე დაშავებული ტურისტი შოკურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით შათირიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტს მძიმე ტრავმები აქვს მიღებული.

შათირიშვილი ამბობს, რომ ტურისტი კონტაქტური იყო, თუმცა მაშველების კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირდა.

„წარმოიდგინეთ მთელი ღამე ნაპრალში გაათენა მიცვალებულებთან ერთად, შოკურ მდგომარეობაშია და მძიმე ტრავმები აქვს. ჩვენ ჩამოვიყვანეთ და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს გადავეცით, საავადმყოფოში წაიყვანეს. ახლა რა მდგომარეობაა, ნამდვილად არ ვიცით, თუმცა როგორც ინფორმაცია მაქვს, ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, რადგან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია“, – განაცხადა დავით შათირიშვილმა.

მაშველებმა დღეს სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან, ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი, დაშავებული.