დავით სერგეენკო - თანამდებობიდან წასვლა ჩემი ინიციატივა იყო
დავით სერგეენკო - თანამდებობიდან წასვლა ჩემი ინიციატივა იყო

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა მისი ინიციატივით მოხდა.

როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, სჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება.

„ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული, რომ მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ახალ ჯანდაცვის მინისტრს, მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ ძალიან რთული სისტემის მართვას. მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და უღრმესი მადლობა მათ. 2012 წელს, როგორც კი საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ეს თემა მოექცა საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერის ქვეშ. მინდა ხაზგასმულად მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მათ უზარმაზარი სამუშაო გააკეთეს წლების განმავლობაში და მადლობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკას, ეს არ არის უბრალოდ პროტოკოლური სურვილი, ეს არის ნამდვილად გულწრფელი. თქვენს წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და მე მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკატერინე ტიკარაძე დღეს დანიშნა.