დავით სერგეენკო - პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვისი მართვის პერიოდშიც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა
დავით სერგეენკო - პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვისი მართვის პერიოდშიც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა

უკვე მომხდარ ფაქტებზე ვინმეს პასუხისმგებლობის დასმის შემთხვევაში, აღარ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ვის გადაეცემა. პასუხს აგებს ის, ვისი მართვის პერიოდშიც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრში განუცხადა, სადაც ტყიბულში დაშავებული მეშახტეები მოინახულა.

დავით სერგეენკოს თქმით, გადაეცემა თუ არა სახელმწიფოს კომპანია „საქნახშირი“, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გააკეთებენ ანალიზსა და შესწავლას, შემდეგ კი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.