დავით სერგეენკო - მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ გახარიაზე ცუდი ვთქვა, თუმცა გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა ღირებულებების ცვლილება და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან
დავით სერგეენკო - მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ გახარიაზე ცუდი ვთქვა, თუმცა გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა ღირებულებების ცვლილება და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან

რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება და მინიმალური სოციალური კაპიტალი მოჰყვება ხოლმე. დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. გიორგი გახარია რამდენად კონკურენტი იქნება და ვის ხმებს წაიღებს, ოპოზიციის თუ პოზიციის, ამის შესაფასებლად ერთადერთი საშუალებაა, რომ მისგან მისი ხედვა მოვისმინოთ და ვნახოთ, რა გუნდით აპირებს ამ საქმის გაკეთებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუნდის გეგმების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

„მისი გუნდის წევრებისგან მხოლოდ მმართველი ძალის კრიტიკას ვისმენ, თავად რას და როგორ აპირებს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე: „გიორგი გახარია პრემიერი იყო და ცვლილებებისთვის ბერკეტები ჰქონდა. რამდენად გულწრფელი იქნება ოპოზიციონერის რანგში ცვლილებებზე საუბრისას? მმართველი გუნდი უშლიდა ხელს თუ ახლა სხვა პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა“, სერგეენკომ განაცხადა, გაუჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა გახარიას ღირებულებების ცვლილება.

„ამ თვალსაზრისით არის პოლიტიკური და მენეჯერული ნაწილი. მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ ცუდი ვთქვა. წლები მასთან ვმუშაობდი და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი მინახავს და ვისაც კი ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ღირებულებები იცვლება ხოლმე და გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა მისი ცვლილება, რამ შეუშალა ადრე ხელი და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ გაიმართება.

დატოვე კომენტარი